10%-ით ნაკლები იქნება თუ 15-ით, ევროპასთან ვაჭრობა ისედაც ძალიან მცირეა, - ამის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.

 

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი ადგილობრივ ბიზნეს სექტორს ხვდება, რომლის დაწყებამდეც ჭუმბურიძემ ჟურნალისტებთან "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა სწორედ ევროპასთან ვაჭრობის თემატიკას ეძღვნება.

 

„დღეს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ქართული ბიზნესი ხვდება ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომს და ევროპასთან ვაჭრობის თემატიკაზეა საუბარი და რიგი საკითხების განხილვა. რაც შეეხება "საქსტატის" მონაცემებს, პირდაპირ გეტყვით, 10 პროცენტით იქნება ნაკლები თუ 15-ით, პრაქტიკულად ისედაც ძალიან მცირეა ევროპასთან ვაჭრობა. ჩვენ როგორ ვიყენებთ ევროპასთან ვაჭრობას და თავისუფალ მიმოსვლას ბიზნესის განვითარებისთვის, ეს ცოტა რთული თემაა, ვინაიდან ჩვენი პროდუქცია უნდა იყოს მაღალხარისხოვანი და რა თქმა უნდა, ვაჭრობის გაზრდის პერსპექტივაც არის. სწორედ იმაზე ვმუშაობთ, ბიზნესი დღითიდღე უფრო დაინტერესებული და მოტივირებული იყოს და სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან გაიზარდოს. თუმცა განსაკუთრებული და მაღალი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ხოლო გაზრდის პერსპექტივა არის და ერთია, მთავრობა როგორ შეუწყობს ამას ხელს, ხოლო მეორე - ბიზნესი როგორ განავითარებს ამ შესაძლებლობებს", - აღნიშნა ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

 

მისი თქმით, ბიზნესის ისეთ მიმართულებებს უნდა შეეწყოს ხელი, რომლებიც მძლავრად წარმოჩინდებიან ადგილობრივ ბაზარზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მათ მიერ ევროპის ბაზარზე რაიმე ნიშის დაკავების შესახებ ფიქრი. „ადგილობრივ ბაზარზე ერთადერთი მიმართულება, ძალიან წარმატებული სექტორი არის ღვინის სექტორი. სხვა ძალიან სუსტადაა წარმოდგენილი და ადგილობრივი ბაზარი ტესტია იმისა, შეიძლება თუ არა დაიკავო მოკრძალებულო ნიშა ევროპულ ბაზარზე“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.