ორგანიზაცია Elabe-ს ეგზიტპოლების მიხედვით, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული კრება“ 24,2 %-ით ლიდერობს.

 

მოქმედი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიას „რესპუბლიკა, წინ“ 22,4% აქვს.

 

რაც შეეხება გერმანიას, Infratest Dimap-ის ეგზიტპოლების მიხედვით, კანცლერის ანგელა მერკელის ბლოკმა, ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა - 28,8% მიიღო.

 

Die Welt-ის ინფორმაციით, „მწვანეებმა“ 20,6% მოაგროვეს.

 

მესამე ადგილზე კი 15,5% -ით გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიაა.

 

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ავსტრიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ფედერალური კანცლერის სებასტიან კურცის „ავსტრიის სახალხო პარტია“ ლიდერობს. ორგანიზაციების SORA-ს და ARGE Wahlen-ის მონაცემებით, კურცის პარტია ხმათა 34,5%-ს მიიღებს. მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია (23,5%), მესამეზე კი მემარჯვენე პოპულისტური „თავისუფლების პარტია“ (17,5%) გადის.

 

ბერძნული ტელევიზიების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში ხმათა 32,5-34,5-მდე პროცენტით მთავარი ოპოზიციური პარტია „ახალი დემოკრატია“ ლიდერობს. მოქმედი პრემიერის ალექსის ციპრასის პარტია „სირიზას“ მიერ მიღებული ხმების მაჩვენებელი 24-26%-ის ფარგლებში მერყეობს.

 

უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია „სამოქალაქო კავშირი“ ევროპარლამენტის არჩევნებში ლიდერობს. ორგანიზაცია „ნეზოპონტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ორბანის პარტია ხმათა 56%-ს აგროვებს, სოციალისტური პარტია და „დემოკრატიული კოალიცია“ 10-10%-ს მიიღებენ, მოძრაობა „უკეთესი უნგრეთისთვის“ კი 9%-ს აგროვებს.

 

ესპანეთში, ევროპარლამენტის არჩევნებში პრემიერმინისტრის პედრო სანჩესის სოციალისტური პარტია ლიდერობს. ეგზითპოლების თანახმად, სოციალისტები ხმების 30%-ს აგროვებენ, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ კი 18%-ს დასჯერდება.

 

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში იმართება. 26 მაისი დასკვნითი დღეა. დეპუტატებს აირჩევენ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. საკმაოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესი გერმანიასა და საფრანგეთში, რადგან ამ ქვეყნებს ევროპარლამენტში ყველაზე მეტი 96 და 74 მანდატი აქვთ.

 

ევროპარლამენტის არჩევნები უკვე შედგა ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩეხეთში, ლატვიაში, მალტაში, ირლანდიასა და სლოვაკეთში. სულ ევროპის მოქალაქეები 751 დეპუტატს აირჩევენ, რომლებიც ევროპარლამენტში 2024 წლამდე იმუშავებენ.

 

ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერისა და ევროკომისიის დანარჩენი წევრების მანდატს ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ამავე დღეს დაასრულებს საქმიანობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი. უფლებამოსილება უკვე შეუწყდა ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისაც. ისინი ხელახალ კენჭისყრაში არ მონაწილეობენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.