Brexit-ის შემთხვევაში შოტლანდია ევროკავშირის შემადგენლობაში დამოუკიდებლად დარჩენას გეგმავს, წერს Deutsche Welle.

 

ამის შესახებ შოტლანდიის მთავრობის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჟენმა დღეს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის იმედოვნებს, რომ ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირის შემადგენლობაში, თუმცა თუ პირიქით მოხდა, შოტლანდიამ უნდა გააკეთოს დამოუკიდებელი არჩევანი.

 

„იმის რისკი, რომ ბრიტანეთი გამოვა ევროკავშირიდან დიდია. ქვეყანას ექნება დანაკარგები. ჩვენ ვეცდებით გადავლახოთ ხისტი ბრექსიტი. ვფიქრობთ, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ვადა უნდა გადაიხედოს“, - განაცხადა ნიკოლა სტერჟენმა.

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა Brexit-ი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ მალე ლონდონსა და ბრიუსელს შორის ამ თემაზე შეხვედრები ყოველდღიურად გაიმართება.

 

ევროკომისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯონსონმა იუნკერს ე. წ. „ბექსტოპის“ ალტერნატივა არ შესთავაზა. ტერეზა მეის მთავრობას და ევროკავშირის მიერ შეთანხმებულ ხელშეკრულებაში საზღვარზე ხისტი ზომების მიღების თავიდან აცილების მიზნით დროებითი ზომებია (ე.წ. „ბექსტოპი“) გათვალისწინებული. ჯონსონს შეთანხმებიდან ამ პუნქტის ამოღება სურს.

 

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

 

Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა. 9 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხისტი Brexit-ის წინააღმდეგ ლორდთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი მოაწერა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.