ევროკავშირი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ჯავად ზარიფს ბრიუსელში იწვევს. შესაბამისი წინადადებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ზარიფს სატელეფონო საუბრის დროს მიმართა. ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს.

 

განცხადება Twitterr-ზე განათავსა თავად ევროკომისარმაც. მან დაძაბული ვითარების დეესკალაციას გაუსვა ხაზი.

 

ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ დაიძაბა. სულეიმანი ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

 

 

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.