საქართველოს ჩართულობა უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს.

 

ასევე, მისივე განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გასაძლიერებლად საჭიროა დამატებითი სტრუქტურული რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, საფინანსო ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ბაზრებთან უკეთესი ინტეგრაცია და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება.

 

”გადამწყვეტია, რომ საქართველომ განაგრძოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საკვანძო რეფორმების განხორციელება. საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გასაძლიერებლად საჭიროა დამატებითი სტრუქტურული რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, საფინანსო ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ბაზრებთან უკეთესი ინტეგრაცია და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. საქართველოს ჩართულობა უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში", - აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მე-4 ანგარიშში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: „საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში“.

 

ანგარიში მიეწოდება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს, რომლის მორიგი ყოველწლიური სხდომა გაზაფხულზე გაიმართება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.