ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან მოლაპარაკებებზე ვაშინგტონს მოუწოდებს, ჯანმოსთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

„ჩვენ განვიხილეთ აშშ-ის განცხადება ჯანმოსთან ურთიერთობების გაწყვეტის განზრახვის შესახებ და აშშ-ს მოვუწოდეთ, გადახედონ ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან გლობალურ პრობლემებს გლობალური გადაწყვეტა სჭირდებათ მრავალმხრივი ინსტრუმენტების გამოყენებით. ახლა, როგორც არასოდეს, მრავალმხრივი მიდგომა გვჭირდება“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

 

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და თანხებს ჯანდაცვის სფეროში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს გადაუნაწილებს.

 

დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა რეფორმების გატარებაზე, რომელსაც აშშ-ის ადმინისტრაცია ითხოვდა.

 

„ადრე განვაცხადეთ, თუ რა რეფორმები უნდა ჩაეტარებინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. მათ უარი განაცხადეს. დღეს აშშ ყველა ურთიერთობას წყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი წლიური 450 მილიონი დოლარი სხვა საჭიროებებს მოხმარდება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

15 აპრილს აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.