ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის მე-13 შეხვედრა გაიმართა.

 

„ევროკავშირი და საქართველო მიესალმებიან ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში და გამოთქვა შეშფოთება ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შესახებ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. განსაკუთრებით, ეთნიკურად ქართველთა მიმართ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, მათთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, მათ შორის, ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე წვდომის შეზღუდვის, მოქალაქეთა თვითნებურად დაკავების ფაქტების გამო“ - წერია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ევროკავშირის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. „საზღვრების“ დაკეტვის გამო და აღნიშნეს, რომ, განსაკუთრებით კოროვირუსის პანდემიის დროს, ამან ახალგორის რაიონში კრიტიკული ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია.

 

ამასთან აღინიშნა, რომ უნდა დასრულდეს არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეში მონაწილე პირთა დაუსჯელობა.

 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ევროკავშირი მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.

 

„ევროკავშირი მიესალმება იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დახმარებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების უზრუნველყოფის კუთხით მიაღწია. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.