რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების დიალოგი სერიოზულ მომზადებას საჭიროებს, ხოლო ნორმალური დიალოგისთვის აშშ-მა უარი უნდა თქვას ულტიმატუმების ენაზე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

 

„როგორი რთულიც არ უნდა იყოს ურთიერთობები რუსეთსა და აშშ-ს შორის, ორი პრეზიდენტის შეხვედრები და საუბარი ყოველთვის პოზიტიურ გავლენას ახდენს საერთაშორისო სიტუაციაზე“, - განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა.

 

ანატოლი ანტონოვის თქმით, „რთულია იმის თქმა თუ სად და როდის იქნება ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის კონტაქტი შესაძლებელი“. „ამგვარი შეხვედრა სერიოზულ მომზადებას საჭიროებს. მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა ასეთი შეხვედრა შედეგის მომტანი გახდეს“, - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

 

აშშ-ში რუსეთის ელჩის განცხადებით, აშშ და რუსეთი, როგორც ორი მსხვილი ბირთვული ზესახელმწიფო და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, განსაკუთრებულად პასუხისმგებელნი არიან საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.

 

„უსაფრთხოების სფეროში ჩვენ საერთო გამოწვევები გვაქვს, რომელთაგანაც ყველაზე მთავარი საერთაშორისო ტერორიზმია. ამ მიმართულებით რუსეთისა და აშშ-ს ძალისხმევის გაერთიანებაზეა დამოკიდებული მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება. ამიტომაც, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა ასე მნიშვნელოვანია“, - დასძინა ანატოლი ანტონოვმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.