დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის (შნპ) ლიდერს ნიკოლა სტარჯონის ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ ის შოტლანდიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მეორე რეფერენდუმის გამართვას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ლონდონისგან გამოყოფის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარების პერსპექტივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ არჩევნებში შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ შოტლანდიის 59 მანდატიდან 48 მოიპოვა.

 

„პრემიერ-მინისტრმა გარკვევით განაცხადა, რომ ის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგია. მან აღნიშნა, რომ 2014 წლის რეფერენდუმის შედეგები გადამწყვეტია და პატივის ცემას საჭიროებს,“- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ნიკოლა სტარჯონი კი აცხადებს, რომ შოტლანდიელმა ამომრჩეველმა მას ახალი რეფერენდუმის ჩასატარებლად ძლიერი მანდატი მიანიჭა.

 

სტარჯონი მეორე რეფერენდუმის ჩატარებას „შოტლანდიაში „ბრექსითის“ საკითხზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგებზე დაყრდნობით ითხოვს, რომლის შედეგების თანახმად, შოტლანდიელ ხალხს ევროკავშირის დატოვება არ სურს.

 

„ჩვენ „ბრექსითი“ არ გვსურს, შესაძლოა, ბორის ჯონსონს აქვს მანდატი, ინგლისს ევროკავშირი დაატოვებინოს, მაგრამ მას უდავოდ არ აქვს იმის მადატი, რომ ევროკავშირიდან შოტლანდია გაიყვანოს,“- განაცხადა ნიკოლა სტარჯონიმ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.