ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება პოლიტიკური შოუა და ადამიანები, რომლებიც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, არიან ლაჩრები, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

 

მისი თქმით, რეზოლუციას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

 

„ისინი, ვინც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ არიან ლაჩრები, რომელთაც არ სურთ სიმართლეს თვალი გაუსწორონ. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ისტორიის გაპოლიტიზირება“,-განაცხადა ჩავლუშოღლუმ.

 

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში წერია, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში 1,5 მილიონი სომეხის მკვლელობა გენოციდია.

 

სომხური მხარის ცნობით, 1915 - 1917 წელბში ოსმალთა იმპერიამ დაახლოებით 1,5 მილიონი სომეხი მოკლა, რაც ერის გენოციდს ნიშნავს. ამასთან, თურქული მხარე ამტკიცებს, რომ სომხები და მათთან ერთად თურქები პირველ მსოფლიო ომს შეეწირნენ. მათივე ინფორმაციით, სომხები დამპყრობელ რუსებს გაურიგდნენ და ოსმალთა იმპერიის წინააღმდეგ ამბოხი მოაწყვეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.