თურქეთის პოლიციამ Nissan-ის ყოფილი დირექტორის კარლოს გონის იაპონიიდან გაქცევის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში 7 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი, რომლითაც გონი იაპონიიდან ლიბანში გაემგზავრა სტამბოლში გაჩერდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის 4 პილოტია, აეროპორტის 2 თანამშრომელი და ტვირთის გადაზიდვის კომპანიის მენეჯერი, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

 

პოლიცია დაკავებულებს იმას ედავება, რომ მათ არავის აცნობეს ბორტზე გონის ყოფნის შესახებ.

 

გონი იაპონიიდან 31 დეკემბერს გაიპარა. ის 2018 წლის ნოემბერში, 80 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლის დამალვის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად ასევე პირადი ინვესტიციებით გამოწვეული 16-მილიონი ზარალის Nissan-ის სახსრებით ანაზღაურება ედება. Nissan-მა გონი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა.

 

2019 წლის აპრილში გონი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ პასპორტები ჩამოართვეს და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს. გონი ბრალდებებს უარყოფდა. სასამართლო პროცესი მის საქმეზე რამდენიმე თვეში უნდა დაწყებულიყო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.