უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც თეირანში ჩამოვარდა, შესაძლოა სარაკეტო იერიშის შედეგია, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გამოძიების შედეგებს ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან განიხილავს.

 

„ეს ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა ჯერ არ დადასტურებულა“, - დაწერა ზელენსკიმ Facebook-ზე

 

„ყველა საერთაშორისო პარტნიორს მოვუწოდებთ, განსაკუთრებით აშშ-ს, კანადას და დიდ ბრიტანეთს - მტკიცებულება და მონაცემი შემთხვევის გამოძიების შესახებ შექმნილ კომისიას გადასცენ“, - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ზელენსკიმ თვითმფრინავის კატასტროფის საკითხი 9 იანვარს ირანელ კოლეგასთან განიხილა. ჰასან როუჰანიმ აღნიშნა, რომ ირანი უკრაინელ ექსპერტებს ყველა საჭირო მონაცემზე წვდომის საშუალებას მისცემს.

 

კანადის და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრებმა თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანი დაადანაშაულეს. მანამდე კი ამერიკულმა მედიამ დაზვერვის არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ Boeing 737-800 სარაკეტო იერიშის შედეგად ჩამოვარდა.

 

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები 9 იანვარს გამოაქვეყნა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა.

 

თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.