უკრაინის ხელისუფლება მიესალმება ირანის მხრიდან თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ბრალის აღიარებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არაა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

„საერთაშორისო კომისიის მუშაობის დასრულებამდე ირანმა თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა, თუმცა ჩვენ ბრალის სრულ აღიარებას ვითხოვთ. ირანმა სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება უნდა უზრუნველყოს, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები, გადმოგვცეს ცხედრები, გადაიხადოს კომპენსაცია და დიპლომატიური არხებით ოფიციალურად მოიხადოს ბოდიში. 45 უკრაინელ სპეციალისტს სიმართლის დასადგენად მასალებზე სრული წვდომა უნდა მიეცეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა.

 

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური. ამავე დღეს თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მ, მომხდარში თეირანი დაადანაშაულეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არეულობა ერაყში და ბაღდადში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.