სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროკავშირის წევრებს ბელარუსისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე სიტყვის გამოსვლისას გააკეთა.

 

„ევროკავშირის ლიდერებს აქვთ მიზეზები არ დააწესონ სანქციები, მაგრამ მე ვთხოვ მათ უფრო მამაცები იყვნენ. სანქციები მნიშვნელოვანია ჩვენს ბრძოლაში, რადგან ეს იმ წნეხის ნაწილია, რომელსაც შეუძლია ე.წ. მთავრობას ოპოზიციურ საბჭოსთან დიალოგის დაწყება აიძულოს“, - განუცხადა ტიხანოვსკაიამ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

 

ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს ევროკავშირში განაცხადეს, რომ ბელარუსი მაღალჩინოსნების ანგარიშებს გაყინავდნენ და მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას შეზღუდავდნენ. მაგრამ სანქციებს ამოქმედებისთვის 27-ვე წევრის თანხმობა სჭირდება, კვიპროსი კი საკითხის გადაწყვეტას ბლოკავს.

 

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. ევროპარლამენტმა არჩევნების შედეგები არ აღიარა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.