პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს არ დაუწესებს, ვარშავა შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.

 

„თუ სანქციების დაწესებამდე არ მივა საქმე, ვსაუბრობთ ბელარუსის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებაზე, მაშინ ბელარუსის მეზობელი ქვეყნები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებას განიხილავენ“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

21 სექტემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. აღნიშნული საკითხი კვლავ კვიპროსმა დაბლოკა, რომელიც თურქეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს ოფიციალური ანკარის ხმელთაშუა ზღვაში ქმედებების გამო.

 

14 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვეტილება მიიღეს ბელარუსის ოფიციალური პირებისათვის სანქციების დაწესების შესახებ, თუმცა კვიპროსის პოზიციის გამო, რომელიც პარალელურად თურქეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, ე.წ. შავი სიის შედგენა და დამტკიცება ვერ ხერხდება.

 

23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.