ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

 

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

 

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

 

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

 

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

 

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

 

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

 

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

 

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

 

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

 

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

 

ფოტოგრაფი მალხაზ სვანიძე

 

თბილისი. "დინამო არენა"

 

საქართველო -შვეიცარია 0:2

 

გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

 

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

 

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.