მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა France Football-ის ყოველწლიური ჯილდო - "ოქროს ბურთი" მიიღო. 2007 წლის შემდეგ, მოდრიჩი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს წოდება მესისა და რონალდუს ეპოქაში დაისაკუთრა.

 

ხორვატიის ნაკრების ლიდერმა გამოკითხვაში კრიშტიანუ რონალდუსა და ანტუან გრიზმანს აჯობა, რითაც თავისი ქვეყნის პირველი "ოქროს ბურთის" მომგები წარმომადგენელი გახდა.

 

იგი დაჯილდოვების ცერემონიაზე მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად იმყოფებოდა, ასევე, მის კომპანიაში გახლდათ "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი.

 

"ოქროს ბურთის" ნომინანტთა ზედა ათეული ასე გამოიყურება: 1) ლუკა მოდრიჩი; 2) კრიშტიანუ რონალდუ; 3) ანტუან გრიზმანი; 4) კილიან მბაპე; 5) ლიონელ მესი; 6) მოჰამედ სალაჰი; 7) რაფაელ ვარანი; 8) ედენ აზარი; 9) კევინ დე ბრუინი; 10) ჰარი კეინი.

 

ლუკა მოდრიჩმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ფინალში ითამაშა, თანაც მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ფიფას მიერ წლის საუკეთესო მოთამაშედ გამოცხადდა.

2007 წელს "ოქროს ბურთი" კაკამ მიიღო, მას შემდეგ კი ამ ჯილდოს ლიონელ მესი ან კრიშტიანუ რონალდუ იგებდნენ, ორივე მათგანი France Football-მა 5-ჯერ გამოარჩია. აღნიშნული გამოცემა წლის საუკეთესო ფეხბურთელს 1956 წლიდან ასახელებს, მისი პირველი გამარჯვებული კი ლეგენდარული ინგლისელი, სტენლი მეტიუზი გახდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.