შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით, 11-12 დეკემბერს, სტრასბურგში იმყოფებოდა. როგორც „გლობალ პრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატტაინი დრაგონისთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიჩეკ სავიცკისთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ გუიდო რაიმონდისთან, ვენეციის კომისიის მდივანთან ტომას მარკერტთან და ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან.

 

სამუშაო ვიზიტის მიზანი ევროპელი პარტნიორებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების - „სისტემური განახლების“ კონცეფციის გაცნობა იყო, რაც საპოლიციო დანაყოფებში მუშაობის თვისობრივად ახალი მეთოდების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას უკავშირდება. შეხვედრების ფარგლებში, ასევე განიხილებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა, გატარებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები.

 

ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრებზე დადებითად შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა და მისი საქმიანობა.

 

მხარეებმა, ასევე, განიხილეს სხვა აქტუალური საკითხები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ, წლების მანძილზე, მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით შევიწროებას, ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სათანადო ფუნქციონირებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.