ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონალურ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ გამოსვლისას საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასა და იმ როლზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო რეგიონში ასრულებს.

 

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის უნიკალური მდებარეობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა და იმავდროულად, პასუხისმგებლობაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სრულად აცნობიერებს საკუთარ როლს რეგიონში და გამოცდილებაც ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, ეს როლი შემართებითა და პასუხისმგებლობით იტვირთოს.

 

„მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს უკრაინასთან, მოლდოვასთან, თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან. მეტიც, ქართველი სამხედროები, რომლებიც გმირულად დაეცნენ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში, ყველაზე მტკივნეული წვლილია, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, რაც ადასტურებს ჩვენს მზაობას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მოწადინებულია, გააგრძელოს წვლილის შეტანა უკეთესი და მშვიდობიანი მომავლის შექმნაში.

 

„სერბეთის რესპუბლიკა ასეთივე პოზიტიურ როლს ასრულებს ბალკანეთის რეგიონში, ამრიგად, შეგვიძლია გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა და გავაუმჯობესოთ ჩვენ ორ რეგიონს შორის კავშირები, მათ შორის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ პროგრესზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფება აისახა კონსტიტუციაშიც, რითაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობას.

 

„დასავლეთში ვეძებთ საქართველოს სტაბილურ მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებას ძალუძს შექმნას გაცილებით უფრო მტკიცე სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნისათვის“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.