საქართველომ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი - ეფექტური საჯარო მომსახურება, კორუფციისაგან თავისუფალი მთავრობა, და თავისუფალი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო, რამაც უკვე მოგვიტანა ხელშესახები შედეგი და ჰპოვა ფართო საერთაშორისო აღიარება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც „გლობალპრესს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სერბეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ ასამბლეის წევრებს მიმართა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, მიღწეული წარმატებებისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

 

„წინასწარი შეფასების საფუძველზე, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2018 წელს შეადგენდა 4.7%, ხოლო საშუალო მშპ ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში შეადგენდა 4.1%. ბიზნესის კეთების 2019 წლის რეიტინგის მიხედვით, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა, საქართველო მე-6 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ. 2019 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რომელსაც „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“ აქვეყნებს, საქართველო მე-8 ადგილზეა ევროპაში”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს მომსახურების გაუმჯობესებას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით უფრო მაღალი ხარისხის, მარტივად ხელმისაწვდომი და ეფექტურად ადმინისტრირებული მომსახურების მიღებას. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მომსახურების განხორციელება აღიარებულ იქნა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

 

„იუსტიციის სამინისტრო გახდა „საჯარო მომსახურების განხორციელების გაუმჯობესების“ კატეგორიის ჯილდოს მფლობელი „იუსტიციის სახლების“ დაარსებისათვის. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გახდა გამარჯვებული კატეგორიისა - „კორუფციის პრევენცია და კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში“ ონლაინ სამთავრობო შესყიდვების სისტემის დამსახურებით. აღნიშნული ციფრები და ეს აღიარება ბევრს მეტყველებს ეფექტურ ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატზე და ასევე მმართველობის სისტემაზე საქართველოში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრანსპორტის სფეროში კავშირების გაუმჯობესება ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ახალ აბრეშუმის გზაზე ისტორიული როლის აღდგენას ცდილობს.

 

„ურთიერთკავშირების და განსაკუთრებით, ტრანსპორტის სფეროში კიდევ უფრო გაუმჯობესება სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველოსა და რეგიონისათვის. ვცდილობთ, აღვადგინოთ ჩვენი ისტორიული როლი ახალ აბრეშუმის გზაზე. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებთან, თურქეთთან და ჩინეთთან. მაშასადამე, საქართველო წარმოადგენს საიმედო სატრანზიტო პარტნიორსა და საკვანძო მოთამაშეს ტრანსპორტის სფეროში და კვლავ აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ძირითად სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკაში სწრაფად მზარდი სექტორია ტურიზმი, რომელიც უდიდეს საინვესტიციო შესაძლებლობებს იძლევა.

 

„ტურიზმი სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში, რაც უდიდეს საინვესტიციო შესაძლებლობებს იძლევა, კონკრეტულად კი საზღვაო, სამთო და ალპური სათხილამურო კურორტების მხრივ. გასულ წელს, საქართველომ 8.5 მილიონი ტურისტი მიიღო მაშინ, როდესაც თავად საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონია. ჩვენ მივესალმებით ტურისტებს, ხოლო ქართული სული და სტუმართმოყვარეობა განთქმულია საუკუნეების მანძილზე, რაც ეფუძნება ძველ გამოთქმას, რომ სტუმარი ღვთისაა”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.