სერბეთისა და საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია და გვწამს, რომ ჩვენი საერთო მისწრაფება ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისკენ, მალე რეალობად იქცევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სერბეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა და სერბ კოლეგას, მაია გოიკოვიჩს გულთბილი მასპინძლობისთვის, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საერთო ღირებულებების - თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობიანი განვითარების მიმართ ერთგულებას და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს ეფუძნება.

 

„გვწამს, რომ მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ამ ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფა ან მათით მანიპულირება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არსებობს აუთვისებელი პოტენციალი მრავალი მიმართულებით.

 

მისივე შეფასებით, ქვეყნები პროდუქტიულად თანამშრომლობენ საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით, გარდა ამისა, უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და სერბეთის მოქალაქეებისთვის დამატებითი სტიმულია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისთვის.

 

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევინარჩუნოთ ეს დინამიზმი ჩვენს ურთიერთობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.