ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დინამიურ და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას და ჩვენმა კავშირებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს.

 

“2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და განახორციელა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. ამ კრიზისის შემდეგ საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნეს პლატფორმა, რომელიც ემსახურება საქართველოს აღმშენებლობის, მისი ინსტიტუტების განმტკიცების, დემოკრატიული განვითარების და კანონის უზეუნაესობის უზრუნველყოფის, ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავების მიზანს.საქართველოს მიღწევების დიდი ნაწილი სწორედ აშშ-საქართველოს წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობის უშუალო შედეგია, რომლის მე-10 წლისთავს ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დინამიურ და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას და ჩვენმა კავშირებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში”, - განაცხადა პრემიერმა.

 

ინფორმაციას პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.