აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანის ნება არ დართო, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის.

 

„უნდა განვაცხადო, რომ დიდ შეფასებას ვაძლევ საქართველოს მთავრობის ქმედებებს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანის ნება არ დართო. სწორედ ამის გამოა, რომ ახლა სომხეთში იარაღი კასპიისპირა ქვეყნების ტერიტორიების გავლითა და საჰაერო გზით ჩააქვთ. საქართველო მოიქცა, როგორც საიმედო პარტნიორი. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას ამისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების სახით, ჩვენ ვხედავთ საიმედო პარტნიორსა და მეგობარს“, - განაცხადა ილჰამ

 

ალიევმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან საუბრისას. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალი პროექტი ხორციელდება და უახლოეს მომავალში დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

 

„აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას. დღეს ქართველმა ხალხმა იცის, ვინ არის მათი მეგობარი და ვინ - მტერი“, - დასძინა მან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.