ირანმა აშშ-ის მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. ამის შესახებ ირანის საგარო უწყების პრესსპიკერმა აბას მოუსავიმ განაცხადა. წერს Urdupoint-ი.

 

„საგარეო უწყებამ უკვე მიიღო პოლიტიკური, კანონიერი, საერთაშორისო ზომები, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს დონეზე“, - განაცხადა მოუსავიმ ბრიფინგზე.

 

ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ დაიძაბა. სულეიმანი ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.

 

ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.

 

გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი.

 

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.