ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ ცენტრის პრესსამსახურმა გოგა ბერიძემ მედიასთან განაცხადა.

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, ის აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. გარდა ამისა, თენგიზ ცერცვაძე ხვალ აჭარაში სტუმრობას გეგმავს.

 

მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში და რომელიმე თანამდებობა დაეკავებინა.

 

"ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას და ცხელების ცენტრების მართვას. გარდა ამისა, მას დაგეგმილი აქვს ვიზიტი აჭარის რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცრებულია, რათა გაუწიოს კოლეგებს აჭარაში კონსულტაცია და მართვა. მაქვს ინფორმაცია ბატონი თენგიზისგან, რომ ის რჩება პარტია „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდაჭერად. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში და დაეკავებინა თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა“, - აღნიშნა გოგა ბერიძემ.

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰქონდა თუ არა ცერცვაძეს კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვს.

 

ამასთან, გოგა ბერიძე აღნიშნავს, რომ თენგიზ ცერცვაძე ირიბადაც არ შეხებია თანამდებობის დატოვების საკითხს.

 

"ინფორმაცია არ მაქვს არც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ, არც ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით. მქონდა ორჯერ კომუნიკაცია მასთან, როდესაც ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, რომ 7 საათისთვის იქნებოდა სამსახურში.

 

რაც შეეხება სწავლის დაწყების თემას და ამაზე მინისტრთან კომუნიკაციას, ამის შესახებ ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. რაც ის მოვიდა სამუშაო კაბინეტში, მას არანაირი კომუნიკაცია არ ქონია ხელისუფლების წარმომადგენელთან. გუშინ 2 საათის განმავლობაში ვიყავით კონკრეტულ ლოკაციაზე და გვქონდა სამომავლო გეგმებზე საუბარი, თუმცა ირიბადაც არ შეხებია ბატონი თენგიზი მისი თანამდებობის დატოვების საკითხს. ამ შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლები არ დასწრებიან",- აღნიშნა ბერიძემ.

 

ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.