საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და დაცვისსტანდარტების განუხრელი გაუმჯობესება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი გამართული კონფერენციაზე განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ კონფერენციის მონაწილეებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ 70 წლის წინ ამ დღეს მიიღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებული მოვლენების გამოძახილი – ადამიანის უფლებისა და ღირსების ხელყოფის ტოტალური ფაქტების გამო.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ თავისი ფუნქცია სათანადოდ შეასრულა.

 

„დღეს თანამედროვე ცივილიზებული სამყარო ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომელიც ასახულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია, ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც ეფუძნება ადამიანის ღირსებას, ადამიანის ძირითად უფლებებს. ჩვენ ვართ ამ პრინციპების ერთგული. ამ პრინციპების ერთგულია საქართველოს პარლამენტი და ჩვენ ვმოქმედებთ ამ სულისკვეთების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და დაცვის სტანდარტების განუხრელი გაუმჯობესება“, – განაცხადა ირაკლი  კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველო ლიდერი ქვეყანაა რეგიონში, თუმცა მიღწეულით არ კმაყოფილდებიან და მათი ამოცანაა ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტების შემდგომი დახვეწა.

 

„საჭიროა კონკრეტულად ადამიანის უფლებების მარეგულირებელი ნორმების გაუმჯობესება. ასევე, საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექნიზმების მუდმივი სრულყოფა“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი დახვეწის აუცილებლობაზე.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.