მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ჩიჩუამ აღნიშნა, ვერ შეძლო დუშეთიდან სწრაფად ჩამოსვლა, თუმცა ტელევიზორთან გაჩერება ვეღარ შეძლო.

„ტელევიზორთან ვიჯექი და ვეღარ ვძლებდი. ორი პატარა მყავს, მათთან ერთად ვიყავი დუშეთში და ვერ შევძელი უცებ, სპონტანურად გამოქცევა, მაგრამ ვერ გავძელი ნამდვილად. მე ვარ ამ ადამიანების გვერდით და პირველ რიგში თქვენ გვერდით, ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია. მე, როგორც დედა და ამ ქვეყნის მოქალაქე ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Merab Tsaava
ავტორი:Merab Tsaava
ვებგვერდი:www.globalpress.ge
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.