საქართველოში ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობა კვლავ გამოწვევაა, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House -ის ერთ-ერთმა დირექტორმა კვლევისა და ანალიზის მიმართულებით, სარა რეპუჩმა განაცხადა.

 

Freedom House -მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების მიმართ არსებული საფრთხეებია მიმოხილული.

 

როგორც სარა რეპუჩი აცხადებს, საქართველოს კავკასიის ქვეყნებს შორის საუკეთესო შედეგები აქვს, თუმცა კვლავ არის გამოწვევები და მათ შორის ორი უმთავრესი გამოწვევა ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობაა.

 

„ჩვენი რეიტინგებით, საქართველო ევრაზიის რეგიონში საუკეთესოა, მაგრამ კვლავ აქვს ბევრი გამოწვევა და გლობალური მასშტაბით, საშუალო შედეგებს აჩვენებს. ვფიქრობ, საქართველოში ორ უმთავრეს გამოწვევას ვხედავთ: ერთი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობაა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი [შტოს მხრიდან] ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა“,-აცხადებს სარა რეპუჩი.

 

შეკითხვაზე, არის თუ არა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ქვეყანაში, საქართველოს 5 შესაძლო ქულიდან 2 ქულა აქვს. ეს საშუალო მაჩვენებელია შკალაზე, სადაც 0 ყველაზე უარესია, 4 კი - საუკეთესო მდგომარეობას ასახავს.

 

ამ ანგარიშში საქართველოს მედია მდგომარეობა ცალკე არ არის განხილული, თუმცა წლევანდელი შეფასებით, დემოკრატიის კუთხით ქვეყნების შეფასების ინდექსში საქართველოს პოზიცია ერთი ნიშნულით შემცირდა და ანგარიში ოლიგარქი აქტორების დიდ გავლენაზე ამახვილებდა ყურადღებას. მცირედი უკუსვლის მიზეზებს შორის, კი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და გავლენა სახელდებოდა.​

 

„დემოკრატიულ და ავტორიტარულ ქვეყნებში ლიდერები, რომლებიც ერთნაირად ცდილობენ ძალაუფლების კონსოლიდირებას, ახალ გზებს პოულობენ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა შეზღუდონ“ - ვკითხულობთ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში - „თავისუფლება და მედია, 2019“ .

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.