რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ანკარაში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “TASS”-ი ავრცელებს.

 

როგორც ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კომიტეტის წევრების სრული სია შეთანხმებულია.

 

„ახლა კი საჭიროა, რომ საკონსტიტუციო კომიტეტმა ჟენევაში მუშაობა რაც შეიძლება მალე დაიწყოს,“ - განაცხადა პუტინმა

 

სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს სირიის ტერიტორიაზე ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის გაგრძელების მნიშვნელობას, თუმცა აღნიშნეს, რომ სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაჭრას ალტერნატივა არ გააჩნია.

 

„სირიაში მშვიდობის დამყარებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.

 

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მათ იდლიბის რეგიონსა და მის შემოგარენში ჰუმანიტარული სიტუაციის მოსალოდნელი გაუარესების გამო შეშფოთება გამოხატეს და შეთანხმდნენ, რომ სამ ქვეყანას შორის მანამდე მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად „კონკრეტულ ნაბიჯებს“ გადადგამენ.

 

ეს რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის გამართული მეხუთე სამმხრივი სამიტია. პირველი სამიტი პრეზიდენტებს შორის 2017 წლის ნოემბერში სოჭში გაიმართა. სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომავალ შეხვედრას იგივე ფორმატში თეირანში გამართავენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.