თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრაზე უარს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ NBCNews-ი ავრცელებს.

 

„არ ვაპირებ მათთან საუბარს. შეხვდნენ თავისი რანგის მაღალჩინოსნებს. თუ ტრამპი ჩამოვა, მე მას დაველაპარაკები“, - განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტების კითხვაზე, შეხვდება თუ არა ის აშშ-ის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც თურქეთში ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რობერტ ო'ბრაიენი და სირიის საკითხებში სპეცწარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი მიემგზავრებიან.

 

„ისინი ამბობენ, რომ ზავი უნდა გამოვაცხადოთ. ამას არასოდეს ვიზამთ. ზეწოლის გზით სურთ, რომ ოპერაცია შევწყვიტოთ, აანონსებენ სანქციებს. ჩვენი მიზანი ნათელია და სანქციები ვერ შეგვაჩერებს. ზოგიერთი ლიდერი მოლაპარაკებებში შუამავლობას ცდილობს. თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ სახელმწიფო ტერორისტულ ორგანიზაციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო“, - აღნიშნა ერდოღანმა.

 

თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ ცოტა, 160 000 ადამიანს მოუწია.

 

მომხდარის გამო, თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.