აშშ-ს გენერალური პროკურორის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში გარე ძალები არიან ჩართულნი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

 

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, „ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადება, თითქოს შეერთებულ შტატებში ძალადობას გარე ძალები ახალისებენ, ვაშინგტონის მორიგი მცდელობაა, საკუთარი პრობლემები გარე ფაქტორებით ახსნას.

 

„ასეთი განცხადებებით ისინი პირველ რიგში საკუთარი ხალხის მიმართ გამოხატავენ უპატივცემულობას“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ.

 

როგორც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ გარე ძალები ყველა მხარეს თამაშობენ საპროტესტო აქციებზე ძალადობის წასაქეზებლად.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.