მინდია გოგოჭურის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ თვლის.

 

როგორც ადვოკატმა შოთა მანელიძემ „გლობალ პრესს" განუცხადა, დაკავებული დუმილის უფლებას გამოიყენებს თუ თავის პოზიციას უბრალოდ უარყოფასა და კონკრეტული გარემობების დაფიქსირებით გამოხატავს, ამას ერთობლივად გადაწყვეტენ.

 

„იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სამართლებრივი ბრძოლით სათანადო შედეგს მივაღწევთ და მინდია დაამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ამ ეტაპზე მისი პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობაც არ ყოფილა, ჯერ დაკითხვის ეტაპი არ არის და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვეტთ, ეს დუმილში გამოიხატება, უბრალოდ უარყოფასა და კონკრეტული გარემოებების დაფიქსირებაში თუ სხვა რამეში",- აღნიშნა მან.

 

შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მინდია გოგოჭურისა და გიორგი რაზმაძის დაკავება გიორგი რაზმაძის მიერ მიმდინარე წელს ჩადენილ ორ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, შოთა მანელიძემ უპასუხა, რომ აღნიშნული პირების დაკავებას ის არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირებს, სანამ საქმის მასალებს არ გაეცნობა.

 

„სანამ დეტალებს არ გავცნობივარ, ჩემი ამოსავალი წერტილი არის და იქნება მინდია გოგოჭურის პოზიცია, რომელიც ყველა ნაწილსა და ბრალდებაში ცალსახად უდანაშაულოა",- აღნიშნა მან.

 

სპეცოპერაცია ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც გოგოჭური და რაზმაძე დააკავეს, წუხელ ჩატარდა. აღნიშნული ბინა გოგოჭურს ნაქირავები ჰქონდა. ბინიდან ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სპეცრაზმის გამოჩენისას ბინის აივნიდან გადაყარეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.