მინდია გოგოჭურთან ან გიორგი რაზმაძესთან დაკავშირებული დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი არ არსებობს, - ამის შესახებ პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ადვოკატმა შოთა მანელიძემ განაცხადა.

 

„მთელი ღამის განმავლობაში, საცხოვრებელ ბინაში ტარდებოდა ჩხრეკა. ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ უკანონო იქ არაფერი იყო. თვალსაჩინოებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით, რომ სახლში ნებისმიერი კუთხე სათანადოდ ყოფილიყო დათვალიერებული. ამიტომაც ვიჩენდით მაღალ სამართლებრივ კულტურას, მოთმინებას. ფაქტორივად, დილის 08:00 საათამდე მორჩილად ველოდებოდით", - განაცხადა მანელიძემ.

 

იარაღთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბუნებაში არ არსებობს გოგოჭურთან და მის მეგობართან დაკავშირებული „დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი“.

 

"რომელ იარაღზე მესაუბრებით?დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ თურმე ერთ კი არა ორ იარაღზეც ყოფილა საუბარი. ცალსახად გეუბნებით, ბუნებაში ასეთი არ არებობს. მინდია გოგოჭურთან ან გიორგი რაზმაძესთან დაკავშირებული დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი არ არსებობს", - განაცხადა მანელიძემ.

 

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე წუხელ დააკავეს. „სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.