საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და საერთაშორისო კონფერენციის - „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ მონაწილეთა ნაწილი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ და ადგილობრივ მოსახლეობას და 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

 

საქართველოს სახალხო დამცველის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა სხვადასხვა ქვეყნის უფლებადამცველებს ადგილზე ქვეყნის წინაშე მდგარი ისეთი პრობლემები გააცნეს, როგორიცაა მუდმივად მცოცავი ანექსია და ე.წ. „ბორდერიზაცია“, მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა, მოქალაქეთა უკანონო დაკავება, წამება და არასათანადო მოპყრობა, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების დაკარგვით გამოწვეული სოციალური სიდუხჭირე.

 

სოფელ ხურვალეთში სტუმრებმა ასევე მოინახულეს იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლების ადგილი. 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავზე კვლავ მძიმეა დევნილთა სოციალური პირობები, ჩასახლების შიგნით მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, რაც განსაკუთრებით წვიმისა და უამინდობის დროს იგრძნობა. მოსახლეობის განცხადებით, არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო კერძო ტრანსპორტი საკმარისი არ არის. შესაბამისად, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მისაღებად და მედიკამენტების შესაძენად სხვა სოფელში წასვლა გართულებულია.

 

სახნავ–სათესი მიწების სიშორის და სარწყავი სისტემის არარსებობის გამო, დევნილები კუთვნილ მიწებს ვერ ამუშავებენ და დაქირავებულ მუშებად, ძალიან მცირე ანაზღაურებით უწევთ მუშაობა.

 

სახალხო დამცველთან შეხვედრაზე დევნილებმა სინანული გამოთქვეს, რომ ადგილობრივ სკოლაში არანაირი სასწავლო წრე არ ფუნქციონირებს და მოზარდებს თავისი ინტერესის მიხედვით განვითარების საშუალება არ აქვთ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.