ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2 მაისის # 77-04 ბრძანების თანახმად დამტკიცდა ქალაქ ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აშენდება 1640 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი დამცავი მოლი და 700 გრძივი მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი. ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეძლებს არსებულ გამტარიანობასთან ერთად უზრუნველყოს დამატებით 9 მილიონი ტონა ნაყარი/გენერალური ტვირთისა და 500 000 TEU -ს გადამუშავებას წელიწადში.

 

ფოთის ნავსადგურის მშენებლობა 160 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ მსგავსი მასშტაბის პროექტი ქალაქ ფოთში არ განხორციელებულა.ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება ევროპული ინვესტიციებით. სიახლე მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ასევე დასაქმების კუთხით“, - აღნიშნულია ფოთის მერიის ინფორმაციაში.

 

ფოთის მერი გოჩა კურდღელია ულოცავს აღნიშნულ ფაქტს სს“კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" გენერალურ დირექტორს კლაუს ლაურსენს, ნავსადგურის თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ ფოთელს და პროექტის უმოკლეს დროში წარმატებით განხორციელებას უსურვებს.

 

„დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავია ხელი შევუწყოთ ახალი ნავსადგურის მშენებლობას, სწორად დავგეგმოთ ქალაქის სივრცითი განვითარების პრიორიტეტები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება“ - აღნიშნავს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და აღნიშნულ საკითხებზე სათანამშრომლოდ იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.