მთავრობის დადგენილების თანახმად, დღეიდან სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. მოძრაობა ხუთი მიმართულებით აღდგა. ეს მიმართულებებია: ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი და ფოთი. პირველი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით 08:00 საათზე შესრულდა.

 

6 ივნისს ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

 

წესების თანახმად, მატარებლის ყველა შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის დისპენსერი, ვაგონში მგზავრთა ყოფნის, ჩასხდომისა და გადმოსხდომის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

 

ასევე უწყება რეკომენდაციას გასცემს, რომ ყოველი მარშრუტის შემდეგ მოხდეს შემადგენლობის სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია.

 

როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.

 

მათივე ცნობით, მატარებლის ვაგონები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა უკევ დაათვალიერეს და განმარტეს, რომ საქართველოს რკინიგზა ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებს და მზად არის აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა. რკინიგზაში კი განმარტავენ, რომ სარკინიგზო ტრასპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში თავად იყვნენ ჩართულები.

 

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია, კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში უკვე დამონტაჟებულია. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა კაჭარავა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.