დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოებაა, ამიტომ ყველაფერი მსოფლიოში ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

 

„ჩვენ ივლისშიც ძალიან ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორებს, საერთაშორისო ტურისტებს, აქ იქნება რამდენიმე მიმართულება, ბიზნესვიზიტორებისთის, სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და მალე გახდება საჯარო. ძალიან დაცული რეგულაციები იქნება, მაგრამ უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე. ასევე, ამ დღეებში ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარ და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებზეც. რაც შეეხება ფრენებს, დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული, საკმაოდ რეგულარული ფრენები, დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება, ჩვენ ამას გავაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულარული ფრენების აღდგენა პირველ რიგში დამოკიდებულია დანარჩენი მსოფლიოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა, რომ აღდგეს რეგულარული ფრენები. ეს ის ვითარებაა, როცა პირველი არის ჯანმრთელობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენ გადავავადებთ და ალბათ გადავავადებთ ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების გახსნას, სრული მასშტაბით, არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი, რომ გაგვეხსნა ფრენები“, - განაცხადა მინისტრმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.