ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17 პროცენტი შეადგინა,- ამის შესახებ “საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ახალი მეთოდოლოგიით დათვლილ მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებს ასახავს

 

 

ასევე „საქსტატის“ ინფორმაციით, ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული მონაცემთა გადაანგარიშების შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი. საქსტატის მიხედვით, 0.3%-ით გაზრდილია აქტიურობის დონე (სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.6%-ით.

 

ახალი სტანდარტის მიხედვით დასაქმების დონე 13-15 პროცენტული პუნქტით დაბალია ძველ სტანდარტთან შედარებით. ახალი სტანდარტის დანერგვით მნიშვნელოვნად შემცირდა თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში (2019 წელს 49.7%-დან შემცირდა 30.7%-მდე). ამასთან, ახალი სტანდარტის დანერგვით შემცირდა ასევე მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, რაც დაკავშირებულია თვითდასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაკვალიფიცირებასთან.

 

 

ცნობისთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი სტანდარტით, თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას უმეტესწილად საკუთარი მოხმარებისათვის აწარმოებენ. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები უმუშავართა კატეგორიაში და სამუშაო ძალის გარეთ მოსახლეობაში გადაკვალიფიცირდნენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.