Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9279
EUR
3.2365
RUR
0.0446
GBP
3.5764

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა მიღების მიზნით, ელექტრონული რეგისტრაცია 2019 წლის 12 ივნისს დაიწყება.

 

რეგისტრაცია ორ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge წარიმართება.

 

პირველი ეტაპის რეგისტრაცია 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და რეგისტრაციას შეძლებენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.

 

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლების ბავშვების რეგისტრაცია არ მოხდება ელექტრონულად და აუცილებელი იქნება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

 

რეგისტრაციის მეორე ეტაპი კი 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

 

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.

 

წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება 4 ახლად აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, შედეგად, თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 000 იქნება.

ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები! 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი რომ გავხდი, მაშინ ვთქვი, რომ აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს, - ამ სიტყვებით შეაფასა მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულმა ლადო აფხაზავამ 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში გადასვლა. იგი მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა.

 

„ძალიან გახარებული ვარ და ვულოცავ ლადოს ამ წარმატებას! იყო მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის ეს უკვე გამარჯვებაა, არამხოლოდ ლადოსთვის არამედ სრულიად საქართველოსთვის! – განაცხადა საქართველოში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დაარსების იდეის ავტორმა, კოალიციის “განათლება ყველასათვის” გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ.

 

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან: დებორა გურაფლო - ბრაზილია; დეიზი მერტენს - ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტ - დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა - ინდოეთი; მელისა სალგუერო - აშშ; მარტინ სალვეტი - არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარან - ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო - იაპონია; პიტერ ტუბიში - კენია. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება.

 

„მსურს მივულოცო ლადოს, რომ ის მრავალრიცხოვანი, ნიჭიერი და თავდადებული მასწავლებლებიდან შერჩეულ ათ ფინალისტთა შორისაა. იმედი მაქვს, მისი ამბავი შთააგონებს მათ, ვისაც სურს მასწავლებლის პროფესიის დაუფლება და ასევე უფრო მეტად წარმოაჩენს საქმიანობას, რომელსაც მასწავლებლები ეწევიან საქართველოში და მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად“, - განაცხადა ვარკის ფონდის და მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს დამფუძნებელმა, სანი ვარკმა.

 

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია. მის შთამბეჭდავ საქმიანობას შორისაა პროგრამა „დემოკრატიული რევოლუცია“ , რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ლადო 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. მისი მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება.

 

“მასწავლებლის გლობალური ჯილდო” 1 მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება. ჯილდო მოქმედებს 2015 წლიდან.

 

ინფორმაცია ,,გლობალპრესს“ ,,კოალიციიდან განათლება ყველასათვის“ აცნობეს.

მოსწავლის ცოდნა შესაძლოა, მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდით შეფასდეს. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

როგორც გორგოძემ აღნიშნა, უნდა არსებობდეს არა მაღალი რისკის გამოცდა, არამედ, დაბალი რისკის გამოცდა, რომელიც ბავშვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

 

მაგალითად, გორგოძემ მე-10 კლასში გამოცდის საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოცდა არ უნდა იყოს ორიენტირებულო მოსწავლის კლასში ჩატოვებაზე, არამედ მან ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის განვითარებას. რაც შეეხება მე-6 კლასში გამოცდების ჩატარების საჭიროებას, გორგოძის თქმით, მაგალითად, მე-6 კლასში უნდა შემოწმდეს, იცის თუ არა მოსწავლემ წერა-კითხვა.

 

გორგოძის თქმით, გამოცდები ცენტრალიზებულად ჩატარდება და სკოლას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

 

"დაბალ საფეხურებზე უნდა ჩამოვიტანოთ გამოცდა და მე-10 კლასში გაცილებით მეტად უნდა გამოვცადოთ მოსწავლე, ვიდრე უნარების ტესტში მათემატიკა გამოიცდებოდა. მე-10 კლასში აუცილებლად იქნება გამოცდა",- განაცხადა გორგოძემ.

 

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით მართავს.

ბათუმში, თბილისის მსგავსად, განათლების ქალაქი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

 

პრემიერის დავალებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის ხელმძღვანელობამ შესაბამისი მიწის ნაკვეთი ერთი თვის ვადაში უნდა გამოყონ.

 

„საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს პროფესიული სასწავლებლები და ძალიან მაღალი ხარისხის სკოლები. ჩვენ ისეთივე განათლების ქალაქს ავაშენებთ ბათუმში, როგორსაც თბილისში, დიღომში ვაშენებთ. ჩვენ გვინდა, რომ ანალოგიური ინფრასტრუქტურა არსებობდეს ბათუმში, სადაც ყველაფერი იქნება - კომაროვის სკოლა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები და ა.შ. გპირდებით, ბათუმს ეს აუცილებლად ექნება“, - აღნიშნა ბახტაძემ.

სკოლებში, ჩინური ენის სწავლება, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლებიდან დაინერგება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლების სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენა სასწავლებელში მეორე უცხოურ ენად შევა.

 

უწყების ინფორმაციით, ჩინური ენის მეორე უცხოურ ენად არჩევის შესაძლებლობა ნებისმიერ საჯარო სკოლას მე-5 კლასიდან ექნება.

 

„ჩინურ ენასთან დაკავშირებით, შარშან დაიწყო მუშაობა, შემუშავდა სტანდარტი. უკვე შემუშავებულია ასევე პროგრამა. როგორც იცით, პირველი კლასიდან უცხოურ ენად საჯარო სკოლებში დაშვებულია ინგლისური ენის სწავლება, ხოლო მეხუთე კლასიდან, ჩინური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, სკოლებმა სხვა ევროპულ ენებთან ერთად სურვილის მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ“, - აცხადებენ  განათლების სამინისტროში.

 

რაც შეეხება მასწავლებელთა გადამზადებას, როგორც „გლობალპრესს“ მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრში განუცხადეს, ჯერჯერობით განათლების სამინისტროდან არ მიუღიათ დავალება, რამდენი პედაგოგის გადამზადებაა საჭირო პირველ ეტაპზე, ან როდის უნდა დაიწყოს მასავლებელთა გადამზადების კურსი.

 

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა.

ვფიქრობ, პედაგოგიური ინსტიტუტის დახურვა ძალიან დიდი შეცდომა იყო, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც მიხეილ ბატიაშვილი განმარტავს, ინსტიტუცია, რომელიც ბევრ სახელოვან პედაგოგს აძლევდა განათლებას, არ უნდა დახურულიყო.

 

„დღეს როცა ვსაუბრობთ ამდენი პრობლემაა, იგივე კვალიფიკაცია, დახმარება სჭირდება ჩვენს პედაგოგებს, მითუმეტეს, ასეთი ინსტიტუტის გაუქმებით რა უნდა მიგვეღო? ეს იყო ინსტიტუცია, რომელიც მართლა ძალიან ბევრ სახელოვან პედაგოგს ამზადებდა. ეს იგივეა, ფეხბურთელებს სტადიონი აღარ მივცეთ და ფეხბურთის თამაში მოვთხოვოთ“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

15 მარტს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდება. ამის მიზეზი სკოლის მოსწავლეების მიერ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობაა.

 

აქციაში მონაწილეობა მათ შვედი სკოლის მოსწავლე გოგონას, გრეტა თენბერგის აქტივობის გამო გადაწვიტეს.

 

როგორც ცნობილია, გრეტა თენბერგი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ, გასული წლის აგვისტოდან, პარასკევობით სკოლას აცდენს და აქციას მართავს. იგი მხოლოდ 16 წლისაა და უკვე შეძლო მსოფლიოს მასშტაბით ყველასთვის მიეწვდინა ხმა.

 

„მე ყოველ პარასკევს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ გაფიცვას ვაწყობ ათასობით სხვა ბავშვთან ერთად“, - აღნიშნა გრეტა თენბერგმა.

 

შვედ გოგონას გერმანიიდან დაწყებული ავსტრალიამდე უკვე ათასობით სკოლის მოსწავლემ მიბაძა.

 

ამასთან, გრეტა თერნბერგის აქტიურობამ შედეგი უკვე გამოიღო და მან ევროკავშირისგან მიიღო დაპირება, რომ კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისთვის მილიარდები დაიხარჯება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის 15 სტუდენტმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყო. აქციის მონაწილეები ითხოვენ რექტორ გიგა ზედანიას გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

 

აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელთა ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ხვალ მოშიმშილეებს კიდევ რამდენიმე სტუდენტი დაემატება. სტუდენტთა ნაწილი ასევე განათლების მინისტრს სთხოვს, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და პირადად შეისწავლოს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ფინანსური ნაწილი.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა თავდაპირველად აქცია გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენის და სკოლისთვის პირვანდელი სახელის დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო. აღნიშნული მოთხოვნა სტუდენტთა მხრიდან კვლავ ძალაშია.

მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურება გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა მოხდება. როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია - სკოლების გაძლიერება - ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

 

მინისტრის თქმით, პედაგოგი ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდეს ბიუროკრატიაზე და მეტ დროს შემოქმედებით მიდგომაზე.

 

მისივე თქმით, ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

 

„გრძელვადიან პროცესში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის სამსახურები და სკოლა უნდა გახდეს ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც თვითონ ზრუნავს ხარისხის განვითარებაზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ქართველი პედაგოგი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა. ფინალისტები რამდენიმე საათის წინ გამოვლინდნენ. ისინი მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა.

 

„როდესაც მე ვიყავი პატარა, მრავალი სუპერ გმირი არსებობდა, ვინც მე მინდოდა ვყოფილიყავი. თუმცა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გადასახედიდან, მთელი ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილი სუპერ გმირები მასწავლებლები არიან - ისინი ცვლიან სამყაროს,“ - განაცხადა მსახიობმა, მომღერალმა და პროდიუსერმა, ჰიუ ჯეკმანმა, სპეციალურ ვიდეოგზავნილში, სადაც მან 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 ფინალისტი გამოაცხადა.

 

შეგახსენებთ, კონკურსში მონაწილეობისთვის ,,მასწავლებლის გლობალურმა ჯილდომ“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 ათასი განაცხადიდან 49 პედაგოგი შეარჩია. გამარჯვებული მასწავლებელი, გარდა იმისა, რომ პედაგოგთა ყველაზე პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული იქნება, ის ფულად პრემიასაც მიიღებს 1 მილიონი დოლარის ოდენობით.

 

ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ინდოეთის, ავსტრალიის, იაპონიის, აშშ-ს, არგენტინისა და კენიის წარმომადგენელი პედაგოგები მოხვდნენ.

 

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია.

2023-2024 წლიდან შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ნაცვლად ერთი კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც აბულაძემ აღნიშნა, კომბინირებული გამოცდის გარდა უნივერსიტეტები აბიტურიენტებს სამოტივაციო წერილითა და პროექტებში მონაწილეობით შეფასდება.

 

„გრძელვადიან პერსპექტივაში ისევე, როგორც ბევრ დასავლურ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ ვენდობით სკოლებს და მასში მიმდინარე პროცესებს, შემდეგ წავიდეთ იქეთკენ, რომ სკოლების აკადემიური მიღწევები გრძელვადიან პერსპექტივაში, რას აკეთებდა ეს მოსწავლე 12 წლის განმავლობაში როგორც საგანში, ასევე კლასგარეშე საქმიანობებში, რამდენად ლიდერული იყო, რამდენად აქტიური იყო, შესაძლებელია იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა, რომელიც იქნება საგნის და უნარის კომბინაცია და ამის გარდა არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები, სხვადასხვა წყაროები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტი მას შეარჩევს. ეს არის შორეული პერსპექტივა. ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს ქართული ენისა და ლიტერატურის და უნარების კომბინირებული გამოცდა. თუ ჩვენ ამ ყველაფერზე შევთანხმდით, დავგეგმავთ და წინ წავალთ ისე, როგორც დაგეგმილია, 2023-2024 წელს შეიძლება ამის დანერგვა",- განაცხადა აბულაძემ.

ჩვენი მიზანია, ქართული უმაღლესი სკოლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ჩვენი მიზანია ქართული უმაღლესი სკოლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია და ამისთვის რეფორმაში გათვალისწინებულია განათლების ხარისხის ზრდა. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს განვითარების სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ცენტრად საერთაშორისო ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის, ტრანსპორტისთვის და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - განათლებისთვის. ჩვენ გვაქვს ამისი ისტორიული ფესვები და უმაღლესი განათლების რეფორმის ის კომპონენტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი, ჩვენ დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი სტუდენტი მოვიზიდოთ საზღვარგარეთიდან ჩვენს უნივერსიტეტებში“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, განათლების რეფორმაში ყურადღებაა გამახვილებული ასევე პროფესიულ განათლებაზე.

 

„პროფესიული განათლება და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შემოგვაქვს სისტემა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში, ახალი პროფესიის შეძენაში, თვითრეალიზაციასა და განვითარებაში. ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვაქვს ის პროფესიები, რომლებშიც გვაქვს დიდი დეფიციტი და ამავე დროს, იდენტიფიცირებული გვაქვს ის პროფესიები, რომლებიც უახლოეს მომავალში დასჭირდება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას. მეცნიერებაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სათანადო ადგილი ეთმობა რეფორმაში. რეფორმა ითვალისწინებს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას და მეცნიერების დაფინანსების ზრდას. მნიშვნელოვნად წავახალისებთ ახალგაზრდა მეცნიერებს. წარმოდგენილი რეფორმა ითვალისწინებს თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი და ამავე დროს გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალების ჩამოყალიბებას. თანამედროვე ეპოქა, ახალი ტექნოლოგიები და სწრაფად ცვალებადი სამყარო ადამიანებისგან მოითხოვს ახალ, კომპლექსურ უნარ-ჩვევებს, პრაქტიკულ აზროვნებას, ინფორმაციის გადამუშავების, აგრეთვე პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარს და ლოგიკურ აზროვნებას. სწორედ ასეთი მიდგომით არის შემუშავებული და ამ მიზნების მიღწევას ემსახურება რეფორმა, რომელსაც დღეს წარვუდგენთ საზოგადოებას. განათლების რეფორმის მეთოდოლოგიური და ახლებური მიდგომები ითვალისწინებს სისტემას, რომლის ცენტრშიც იქნება თითოეული ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა თუ მასწავლებელი“, - განაცხადა ბახტაძემ.

არქივი

« « » » აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?