საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონსული ჯენეთ რებერი ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას „სამართლიან გადაწყვეტილებად“ აფასებს.

 

როგორც კონსულმა ჟურნალისტებს განუცხადა, სმიტების ოჯახი დაკავებულისთვის სწორედ სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ.

 

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლეს, სასამართლოს, ყველა იმ ხალხს, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა. ძალიან მჭიდროდ ვაკვირდებოდით ამ საქმეს, გვქონდა კომუნიკაცია მსხვერპლთა ოჯახთან. მტკიცებულებები არ ტოვებს სივრცეს რაიმე ეჭვისთვის. სმიტების ოჯახის წევრები სამუდამო სასჯელის გამოტანას უჭერდნენ მხარს. ეს იყო სამართლიანი სასამართლო და სასჯელიც სამართლიანია“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა.

 

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატირების საქმეზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში კობაურის ოჯახის უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

 

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა 25 მარტს, 4 საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

 

კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.