იმის გამო, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები არ იქნა ჩატარებული იმ დროს, როდესაც საჭირო იყო მათი ჩატარება, ძალიან ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. ამის გამო, ვფიქრობ, რომ დღის წესრიგში უნდა დადგეს სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით გამოძიების წარმართვა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ კალანდიას დაკავების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

 

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით გამოძიებამ აღიარა ის შეცდომები, რომელიც თავდაპირველ გამოძიებაში იქნა დაშვებული.

 

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და დღევანდელმა დაკავებამ ცხადყო, რომ გამოძიება აღიარებს, რომ თავდაპირველ გამოძიებაში ნამდვილად იყო დაშვებული შეცდომები და ბრალი არასწორად იყო წარდგენილი. ჩვენ ამაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვსაუბრობდით, როდესაც საქმის მასალებს გავეცანით.

 

სამწუხაროა, რომ პროკურატურა, მხოლოდ შიდა მოკვლევას აწარმოებს ამ საქმეზე, რაც ნამდვილად არ არის ეფექტური და ადეკვატური პასუხი იმ პროცესებზე, რაც მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან ეს განვითარებული მოვლენები უკვე არის დადასტურება და აღიარება იმისა, რომ გამოძიება იყო არაეფექტური და სულ მცირე ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივ გულგრილობას, ან მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს“,-აცხადებს ნინო ლომჯარია.

 

სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.