გპირდებით, რომ არც ერთი პირის მიმართ არ ექნება ფაქტის შელამაზებას ადგილი, ვის მიმართაც ეს სამსახური შეკრებს მტკიცებულებას და მოგვეცემა იმის თქმის საფუძველი, რომ კიდევ სხვა პირი მიმართაც არის დევნა დასაწყები", - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ლონდა თოლორაიამ პირობა დადო, რომ აღნიშნული საქმის ირგვლივ კითხვისნიშნები არ დარჩება.

 

მისივე თქმით, ბავშვისთვის მიუღებელი გარემოებები სკოლაშიც გამოიკვეთა და პოლიციაშიც.

 

"აბსოლუტურად ყველა სიტყვას ვწონი, რომელსაც ვამბობ, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვნებს. არავინ არაფერს არ ელოდებოდა, ერთადერთი, რასაც ველოდებოდით, ეს იყო მტკიცებულებები, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, რომ რომელიმე პირის მიმართ გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. როგორც კი მტკიცებულებათა სტანდარტი შეიკრა, გუშინ დღის 3 საათზე მარიანა ჩოლოიანი უკვე იმყოფებოდა ჩვენს საგამოძიებო სამსახურში. ძალიან ცუდი ინტერპრეტაცია ეძლევა ამ საკითხს, რასაც ვერ დავეთანხმები. გამოძიება კიდევ გრძელდება. გპირდებით, რომ არც ერთი პირის მიმართ არ ექნება ფაქტის შელამაზებას ადგილი, ვის მიმართაც ეს სამსახური შეკრებს მტკიცებულებას და მოგვეცემა იმის თქმის საფუძველი, რომ კიდევ სხვა პირის მიმართაც არის დევნა დასაწყები. გარემოებები, რომელიც ბავშვისთვის არ არის მისაღები და სასურველი, გამოიკვეთა სკოლაშიც და პოლიციაშიც. შესაბამისად, ჩვენი მოწმეთა წრე შედგება როგორც პოლიციელებისგან, ასევე, სკოლის მასწავლებლებისგან, ბავშვებისგან. იქიდან გამომდინარე, რომ მოწმეთა წრეს შეადგენენ ბავშვები, მათ გამოკითხვაზე მოყვანას, მათ ემოციურ მდგომარეობას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ამიტომ ჯერჯერობით ვამბობ იმას, რისი თქმაც, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე შემიძლია. გეტყვით, რომ კითხვის ნიშნები ამ გამოძიებასთან დაკავშირებით არ დარჩება", - განაცხადა თოლორაიამ.

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის სახელი 2011 წლის "ყინწვისის სპეცოპერაციის" საქმეშიც ფიგურირებს, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ საქმეში ჩაიდება ყველა ის დეტალი, რომელიც დაკავებულის პიროვნებას და მის წარსულ ცხოვრებას ახასიათებს.

 

"იმ ადამიანის პიროვნებას, რომელიც იმხილება ამ დანაშაულის ჩადენაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს. ყველა ის დეტალი, რომელიც მის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას ახასიათებს, რა თქმა უნდა, საქმეში ჩაიდება და სხვა მტკიცებულებებთან ერთად იქნება განხილული,"- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

 

სახელმწიფო ინსპექტორმა, ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რასაც სისტემაში აქვს ადგილი.

 

"პრობლემები, რომლებიც იკვეთება: ბავშვებთან მუშაობა, ბავშვების გამოკითხვის მეთოდიკა, ბავშვების გამოკითხვა ღამის საათებში, ბავშვების გამოკითხვა ერთმანეთის თანდასწრებით - ამ პრობლემებზე სამუშაოა და ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების სამუშაო საკითხი,"- აღნიშნა მან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.