გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ დაკავებული გამომძიებლის ადვოკატმა თეონა გვაზავამ ჟურნალისტებს "კავკასიის მედიცინის ცენტრთან" განუცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფია გადაყვანილი.

 

ადვოკატის თქმით, ბრალდების შესახებ დადგენილება ჯერ არ ჩაბარებია, თუმცა რა მუხლითაც ჩოლოიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული მას არ ეთანხმება. თეონა გვაზავას თქმით, არ ეთანხმება აღნიშნული მუხლის შინაარსს, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. მისივე თქმით, მარიანა ჩოლოიანს კანონით დადგენილ ვადაში, 48 საათის განმავლობაში წარედგინება ბრალი, ეს დრო კი ხვალ იწურება.

 

ადვოკატის თქმით,მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, შესაბამისად, ის შემდგომი მკურნალობისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არათუ მარიანა ჩოლოიანის, არამედ არც ერთი პოლიციელის მხრიდან, პოლიციის განყოფილებაში, არასრულწლოვნის მიმართ არ განხორციელებულა იძულების მუქარის თუ კანონით სხვა გაუთვალისიწინებელი ქმედება. უფრო მეტიც, არც ერთი სხვა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას რაიმე სახის შენიშვნა არც არასრულწლოვნის მხრიდან, არც მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან დაფიქსირებული არ არის. სწორედ კანონიერი წარმომადგენელი გამოთქვამდა სურვილს, რომ არასრულწლოვანს საგამოძიებო ორგანოსთან კვლავ ჰქონოდა კავშირი", - განაცხადა თეონა გვაზავამ.

 

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს დაცვას, როდესაც ოჯახი ამბობს, რომ 15 წლის მოზარდზე ზეწოლა განხორციელდა პოლიციის განყოფილებაში, ადვოკატი პასუხობს, რომ "ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის შეფასება".

 

"თუმცა იმ შემთხვევაში თუ არსებობდა გამოძიებლისა და საგამოძიებო ორგანოდან იძულების ან ზეწოლის განხორციელების ფაქტი, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ აღნიშნულის შესახებ დაეფიქსირებინათ და შეეტანათ შესაბამისი შენიშვნები, რაც დაფიქსირებული არ არის არათუ იმ პირველ დღეს, როდესაც იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, არამედ მეორე დღესაც რაიმე სახის შენიშვნა, განცხადება, იძულებისა თუ მუქარის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა",- განაცხადა თეონა გვაზავამ.

 

მისი თქმით, მეორე დღეს საგამოძიებო ორგანოში არასრულწლოვნის გამოცხადების ინიციატორი გახდა მისი კანონიერი წარმომადგენელი.

 

"შესაბამისად, კითხვა მარტივია, თუ წინა დღეს მის მიმართ განხორციელდა რაიმე სახის იძულება და მუქარა, ბუნებრივია, შეუძლებელია ოჯახის წევრმა სურვილი გამოთქვს,რომ მეორე დღეს საკუთარი სურვილით მივიდეს საგამოძიებო ორგანოში. მეორე დღეს გამოკითხვა არ დაფიქსირებულა. მხოლოდ ზეპირი გასაუბრება იყო. ამის შემდეგ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ არასრუწლოვანი რაიმე სახის ჩვენებას არ აძლევდა საგამოძიებო ორგანოს. საყურადღებოა შემდეგი ფაქტი, რომ მარიანა ჩაოლოიანი არასრულწლოვანს ეკონტაქტება პოლიციის განყოფილებაში კამერების მეთვალყურეობის ქვეშ. არასრულწლოვანი მისი კანონიერი წარმომადგენლის თვალთახედვის არეში იმყოფებოდა. აღნიშნული ფაქტი ჩანაწერებით დასტურდება", - განაცხადა გვაზავამ.

 

რაც შეეხება არსებულ ინფორმაციას,რომ გამომძიებელი ჩოლოიანი არასრულწლოვანზე ზეწოლის მოხდენის შესახებ მიუთითებდა სხვებს და შესაბამისად სხვები ასრულებდნენ მის დავალებას, ადვოკატი ამ შემთხვევაშიც განმარტავს, რომ "ეს არის მეორე მხარის პოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ისეთ უტყუარ მტკიცებულებას, რაც არის ვიდეოჩანაწერი".

 

"სამწუხაროდ,მიუხედავად საზოგადოების მაღალი ინტერესებისა,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე მოკლებული ვარ შესაძლებლობას ვისაუბრო მტკიცებულებათა შინაარსზე. თუმცა, უკვე დღეს, ვრცელდება მედიით ინფორმაცია, რომ სხვა ნეიტრალური პირებიც იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილებაში, პარალელურად ხდებოდა მათი გამოკითხვა სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე. აღნიშნული პირები, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რაიმე სახის კანონდარღვევას ჩოლოიანის მხრიდან ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა გვაზავამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.