ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ვასილ მამულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წვეულებაზე იყო თავიდანვე, ის დაახლოებით შვიდ საათისვის არის ჩასული. როგორც კი სიტუაცია დაიძაბა, ტერიტორია მალევე დატოვა. შესაბამისად, როდესაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა, ლისის ტერიტორიაზე იყო. ის დააკავეს დღეს დილით, რვა საათზე. ჩემი ინფორმაციით, მას ბრალი აქვს წაყენებული 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული“, - აღნიშნა ვასილ მამულაშვილმა და განმარტა, რომ დამატებით დეტალებზე მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.

 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

 

19 წლის ფეხბურთელი, რომლის დაზიანებული ცხედარიც მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს, გუშინ დაკრძალეს. ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

შსს ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს. დაკავებულთა უმრავლესობა დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი, მათთან უკვე მიდიან ადვოკატები.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.