გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან ორი სპორტსმენის ადოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები მცხეთაში „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით ჩავიდნენ, თუმცა კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ.

 

„ისინი ადგილზე მოგვიანებით ჩავიდნენ - ერთი მძღოლი და მეორე მგზავრი. როდესაც აგარაკზე მივიდნენ, იქ უკვე აღარავინ იყო. კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო, წვეულება - დაშლილი. მათი ჩვენებების თანახმად, როდესაც ისინი ავტომაგისტრალზე შეხვდნენ ბიჭებს, კონფლიქტი ამოწურული იყო. ფოტოგრაფის ჩვენებიდანაც ირკვევა, მანამდე პირველი მანქანა იყო მისული და მაშინ გაიქცნენ ფოტოგრაფიც და გიორგი შაქარაშვილიც“, - აცხადებს ბექა ნემსიწვერაძე.

 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

 

19 წლის ფეხბურთელი, რომლის დაზიანებული ცხედარიც მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს, გუშინ დაკრძალეს. ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

შსს ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს. დაკავებულთა უმრავლესობა დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი, მათთან უკვე მიდიან ადვოკატები.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.