23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ წუთებში დატოვეს. მედიასთან კომენტარი ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, და უწყებაში განუცხადეს, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას, პასუხი უმოკლეს ვადებში გაეცემა.

 

„აბსოლუტურად დეტალურად ვისაუბრეთ მამუკა ჭელიძესთან, იმ ახალ საგამოძიებო ჯგუფთან, თუ რა პირობებში მიმდინარეობდა სამხარეო პოლიციაში გამოძიება. ყველა კითხვა დაუსვეს ოჯახის წევრებმა. მათ გვიპასუხეს, რომ უმოკლეს ვადაში შეეცდებიან, ყველა კითხვას პასუხი გასცენ.

 

გამოძიებას ვენდობით იმ შემთხვევაში, როცა დაიწყება შესაბამისი ქმედების განხორციელება. დღეს გადაეცა საქმე კრიმინალურ პოლიციას, მოხდა მასალის მოტანა. შესაბამისად მოხდა ოჯახის და ჩემი მოწვევა. გვითხრეს, რომ ყველანაირ პირობებს შეგვიქმნიან, რომ გვქონდეს კონტაქტი. ყველანაირ პირობას შემიქმნიან, რომ ნებისმიერ დროს მივიდე და ყველა კითხვაზე მივიღო პასუხი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

 

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.