გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მამუკა ჭელიძესთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

 

როგორც რამიშვილი აცხადებს, ბაჩალიაშვილის მშობლებს დაპირდნენ, რომ უახლოეს პერიოდში მათ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, მან საგამოძიებო ორგანოს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ავტომობილის ექსპერტიზა მის გარეშე არ დაიწყონ, როგორც ეს კომპიუტერის შემთხვევაში მოხდა.

 

„დეტალურად გვქონდა საუბარი ბატონ მამუკა ჭელიძესთან, ახალ საგამოძიებო ჯგუფთან, თუ რა პირობებში მიმდინარეობდა სამხარეო პოლიციაში გამოძიება. ყველა კითხვა დავუსვით. ასეთი რამ გვითხრეს, რომ მათი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული და რომ ყველანაირად ეცდებიან უმოკლეს ვადაში კითხვებს გასცენ პასუხი.

 

ჯერ არაფერი დადგენილი არ არის, ვერაფერზე პასუხი ვერ გაგვცეს იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გადმოიტანეს მათთან საქმის მასალები. შუამდგომლობები დაკმაყოფილებულია, მაგრამ როდის იქნება საქმის მასალები გადმოცემული, როდის იქნება ამოღებული, ჯერ ამაზე პასუხი არ არის.

 

ჩვენთან ჰქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, ჩვენ რა კითხვები გვქონდა მათთან. გამოძიებას ვენდობით იმ შემთხვევაში, როცა შესაბამისი ქმედების განხორციელება დაიწყება, როგორ შეიძლება ნდობა-არ ნდობაზე ვილაპარაკო, როცა დღეს გადაეცათ საქმის მასალები, დღეს იწყებენ კითხვებზე პასუხის გაცემას. გაცნობითი ხასიათი ჰქონდა შეხვედრას, რადგან დღეს გადაეცა საქმის მასალები კრიმინალურ პოლიციას, სამხარეოდან საქმის მასალები დღეს მოიტანეს, გვითხრეს, რომ ყველანაირ პირობას შეგვიქმნიან, რომ ნებისმიერ დროს მოვიდე, ნებისმიერ კითხვაზე მივიღო პასუხი და არ ვიყო ბიბლიოთეკაში, როგორც აქამდე მიწევდა ყოფნა. მათ გავახსენე, როგორი მოლაპარაკება იყო კომპიუტერთან, შევახსენე, რომ ანალოგიური არ განხორციელდეს მანქანასთან დაკავშირებითაც, რადგან ამას აუცილებლად მძაფრი რეაქცია მოჰყვება. შევახსენე, გავაფრთხილე, რომ ავტომობილის ექსპერტიზის ჩატარება ჩემი თანდასწრების გარეშე არ მოხდეს, არ მოხდეს არანაირი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ისე, რომ მე საქმის კურსში არ ვიყო“, - განაცხადა რამიშვილმა.

 

მისივე განმარტებით, მამუკა ჭელიძეს სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილის არასამართლიან ქცევასა და მის გულგრილ ქმედებებზეც ესაუბრნენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.