გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამატებითი კამერებია აღმოჩენილი, რომლის დათვალიერებაც დღეს იგეგმება.

 

როგორ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა შსს-ს შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, საგამოძიებო ორგანოში მეტ დროს ითხოვენ, რათა გაეცნონ საქმის მასალებს და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ.

 

„გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამწუხაროდ, პასუხები ვერ მივიღე და ამიტომ ეს პასუხები მინდა მივიღო გიორგი გახარიასგან. ახლა უფრო მუშაობენ სამსახურის ხაზით, ანუ იქაც არ ჰქონდაო კომფორტული სიტუაცია. იქ შეიძლება, არ ჰქონდა კომფორტული სიტუაცია, მაგრამ რა შუაშია ამასთან. მე განვაცხადე, რომ ეს „ჩვეულებრივი მოკვდავის“ ჩადენილი მკვლელობა, რომ ყოფილიყო აქამდე გამოძიებული იქნებოდა. გამოძიება ითხოვს ვადებს, ამბობენ რომ სჭირდებათ დრო, რათა გაეცნონ საქმის მასალებს და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. ასევე აღმოჩნდა დამატებითი კამერები, რომლებიც არ უნახავთ და დღეს აპირებენ იმ კამერების ნახვას თეთრიწყაროს რაიონში. მე მაინტერესებს რა რეაქცია ექნება გახარიას, მინდა მასთან შეხვედრა, მინდა თვალებში ჩავხედო და მისგან პირადად მოვისმინო, რომ გამოძიებული იქნება ეს საქმე წესისა და რიგის მიხედვით და დასახელებული იქნება ის სამი ჩინოსანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილი.

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.