პროკურორ დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, ე​ქსპერტიზის შუალედური დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე აღმოჩენილი დნმ-ის ხუთი ნიმუშიდან, ორი უცნობია.

 

„შ​უალედური დასკვნა მოვიდა ორი კვირის წინ. ექსპერტიზის შედეგად უშუალოდ ჩანთაზე, (რომელიც ეკუთვნოდა გიორგი შაქარაშვილს და აღმოჩენილია მდინარე არაგვის ნაპირზე) ამოსული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც თავდამსხმელების, ასევე მკვლელობაში ბრალდებულებისა და იმ პირების ბიოლოგიურ მასალასთან, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. საუბარია ე.წ საბურთალოელებზე. თუმცა მათი დნმ-ის პროფილი არ ამოსულა. ჩანთაზე ამოვიდა გიორგი შაქარაშვილის დნმ-ის პროფილი და იმ პიროვნების დნმ-ი რომელსაც ეკუთვნოდა ჩანთა. დასკვნაში მითითებულია, რომ ერთ ერთი პროფილი შესაძლოა ეკუთვნოდეს გიორგი შაქარაშვილის ნათესავს და ამ კუთხითაც მიმდინარეობს კვლევა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

 

მისი თქმით, კვლევა ასევე მიმდინარეობს ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახით შემხებლობა ჰქონოდათ ჩანთასთან.

 

„ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილია ასზე მეტი დნმ-ის პროფილი და ყოველდღიურად მიმდინარეობს კვლევა. თავიდან ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას, თუ ვინმეს დნმ-ი არ ამოვიდა ჩანთაზე ეს არ ნიშნავს, რომ ის შემხებლობაში არაა შაქარაშვილთან. დაიკითხება შესაბამისი ექსპერტი რომელიც ახსნის, რა შემთხვევაში რჩება დნმ-ის პროფილი ან რა შემთხვევაში იშლება ჩანთიდან ან რაიმე ნივთიდან. რაც შეეხება მაშველებს ან პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც შეხება შესაძლოა ჰქონოდათ შაქარაშვილთან მიმდინარეობს ექსპერტიზა“.- აღნიშნა ყაზარაშვილმა.

 

შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

 

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

 

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.