პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, დრონით გადაღებულ კადრებში ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, არ ფიქსირდება.

 

„დრონის კადრები, რა თქმა უნდა, საქმეზე მოიპოვება და არის, აღნიშნულს ოჯახის ადვოკატიც გაეცნო. შესაბამისად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქმეზე დრონის ჩანაწერები არსებობს. მოგახსენებთ, რომ დრონის ჩანაწერები შეეხება კონკრეტულად იმ ტერიტორიებს, სადაც ვიდეოჩანაწერების მიხედვით დაფიქსირდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა და ასევე, იმ მოწმეთა ჩვენებაში აღნიშნული ადგილები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ნახეს თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს ამა თუ იმ ტერიტორიაზე. სოფელი მაწევანი არის სხვა, მოწმდებოდა მიმდებარე ტერიტორიები - პერიოდულად ხდებოდა ტერიტორიების შემოწმება. კონკრეტულად სოფელი მაწევანის კადრები და იმ ადგილის კადრები, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იქნა ნაპოვნი, დრონის ჩანაწერებში არ ფიქსირდება“, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

 

მისივე თქმით, სატელიტის კადრების ამოღებაზე მიმდინარეობს კომუნიკაცია, როგორც კერძო კომპანიებთან ასევე, მეზობელ ევროპის ქვეყნებთან.

 

„რაც შეეხება სატელიტებს, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურას კომუნიკაცია აქვს ისევე, როგორც კერძო კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებსაც გააჩნიათ სატელიტით ვიდეო გადაღების უზრუნველყოფის შესაძლებლობა ასევე, ჩვენ კონტაქტი გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ევროპულ ქვეყნებთან, რომლებისგანაც ველოდებით ინფორმაციას კონკრეტულად გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურორმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.